ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

ქართლის აოხრება

ვახტანგ გორგასალი შვიდი წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. შვიდი წლის ბავშვს, აბა, რა შეეძლო! უმეფოდ დარჩენილ ქვეყანას ყოველი მხრიდან მტრები შემოესივნენ, ჩრდილოეთიდან ალან-ოსებიც შემოიჭრნენ. მათ ქართლის აოხრება არ იკმარეს და ვახტანგის და, სამი წლის მირანდუხტი გაიტაცეს.

ხალხი წუხდა, როდის ეყოლებოდა მეფე, რომელიც ლაშქარს შეკრებდა, მტერს დაამარცხებდა, ქართლის ღირსებას აღადგენდა!

ვახტანგი მეფე გახდა

როგორც კი თხუთმეტი წლისა შესრულდა, ვახტანგმა ქართლის დიდებულები მცხეთაში შეკრიბა. სამეფო ტახტზე დაჯდა. გვერდით მოისვა სარდალი ჯუანშერი და ორი ეპისკოპოსი. ერისთავები სკამებზე ისხდნენ. ათასისთავები, ასისთავები და სხვები ფეხზე იდგნენ და ჭაბუკ მეფეს იმედით შეჰყურებდნენ. ვახტანგმა თქვა:

- ჩვენ ღმერთმა დაგვსაჯა, რადგან მის წმინდა მცნებებს აღარ ვასრულებდით. განსაცდელი სწორედ მან მოგვივლინა. სპარსელი ან ბერძენი მეფეები რომ მოგვრეოდნენ, იქნებ კიდეც მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან შეურაცხყოფა, მართლაც, მეტისმეტია. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, ქართველებო! გახსოვდეთ: თუკი ჩემთან ერთად კეთილად იმსახურებთ, ისეთსავე სიკეთეს მოგანიჭებთ, როგორსაც ჩემი მამა-პაპა განიჭებდათ...

ჭაბუკი მოხუც და ბრძენ მეფესავით ლაპარაკობდა. ქართლის დიდებულებს სიხარული დაეუფლათ. სარდალმა ჯუანშერმა მეფეს უთხრა:

- ლაშქრობისათვის ჯერაც ახალგაზრდა ხარ, მეფევ! სარდალი დაგვინიშნე. ჩვენ მას დავემორჩილებით და ვიბრძოლებთ. შენ კი სასახლეში დარჩი. მტერი რომ მოგვერიოს, შენ მაინც გადარჩები და ქვეყანა კვლავ მოძლიერდება. ხოლო შენც ჩვენთან ერთად რომ დაიღუპო, ქვეყანა სულ მთლად განადგურდება.

ჯუანშერს სხვებიც დაეთანხმნენ. ვახტანგმა მათ უთხრა:

- მეც თქვენთან ერთად უნდა ვიბრძოლო. რაც განსაცდელი მოგვევლინა, მას შემდეგ ყოველ დღეს მწუხარებაში ვატარებ. ტყვე მირანდუხტის სიბრალული გულს მიკლავს. ბრძოლაში ჯვარს ვიწინამძღვრებ, მე ღმერთი გამიმარჯვებს.

მცხეთის მახლობლად, მუხრანის ველზე, ქართველთა ლაშქარი შეიკრიბა. ვახტანგის ბიძამ, რანის ერისთავმა ვარაზ ბაკურმა, დასახმარებლად თორმეტი ათასი რანელი მეომარი გამოგზავნა, ვახტანგს კავკასიელი მეფეებიც მოეშველნენ. ლაშქარმა კავკასიონი გადაიარა და ოსეთში გადავიდა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 38-40