ქართველი ქალის თავსაბურავი

რას იხურავდნენ თავზე ძველად ქართველი ქალები? ხილიბანდს, ლეჩაქს, მანდილს, ჩიხტი-კოპს, ჩიქილას, მოსახვევს, სათაურს, თავშალას, თაუსაკონს და სხვ. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე.

ხილაბანდი - ბამბის თეთრი ქსოვილის სამკუთხა თავსაფარია, თავზე წასაკრავი. მასთან ერთად (შეწყვილებულად) იხმარებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილის ოთხკუთხა მოსახვევი, რომელსაც ხილიბანდის ზემოდან იხვევდნენ.

ლეჩაქი - თხელი, გამჭვირვალე ქსოვილისაგან დამზადებული სამკუთხა თავსაფარია. კიდეებზე მაქმანი აქვს შემოკერებული. მოქარგულია ან დაბასმული, ანუ ბამბით ან თეთრი წებოთი მოხატული. ლეჩაქს ძველ ქართულად ჰქვია ჩიქილა, კუბასტი, მაკინაკი, მაკნანი.

ჩიხტი-კოპი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგება: ჩიხტისა და კოპისაგან. ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. ეს თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ანდა შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით. კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ.

ჩიხტი

კოპი


ჩიხტი თავსაკრავით

ბაღდადი - სახიანი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ოთხკუთხა მანდილია, რომელსაც ჩიხტი-კოპისა ან ლეჩაქის ზევით იხვევენ.

მანდილი - შავი სატინის ან ქიშმირის გრძელტოტებიანი სამყურა მოსახვევია. მას თუშები იმაგრებენ კუჭურას ზემოთ. კუჭურა მიტკლისაგან იკერება. ის ჩიხტის მაგვარია, მაგრამ მიკერებული აქვს თავზე მისამაგრებელი სალტეები. კუჭურა გატენილია ბამბით ან მატყლით და შემოვლებული აქვს ქინძისთავის დასაბნევი გრეხილი. თუშები მანდილის ზევიდან იხვევენ გრძელ, ოთხკუთხა, ორფა შავი ქსოვილის ზოლს.


ხევსურული მანდილი

არის ხევსურული მანდილიც. ის სათაურასთან ერთად იხმარება.

სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მდიდრულად ნაქარგი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისაგანაა დამზადებული, ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია.

თავჩითა - ფშაველი ქალის სამკუთხა თავსაკრავია. მის ზემოდან იხვევენ ქიშმირის ოთხკუთხა და ირგვლივ ფოჩებშემოვლებულ სახიან ხელსახოცს.

ჩიქილა (ლეჩაქი) - ფშავური თავსაბურავის შემადგენელი ნაწილია. ის აბრეშუმის გრძელი, სამყურა თავშალია, შეკერილია ოთხი ნაჭრისაგან. ზემოდან დაუყვება ფერადი აბრეშუმის ზოლები - სრელები. ირგვლივ შემოკერებული აქვს ფესვი - ფოჩი. ჩიქილის ზემოდან იხვევენ ოთხკუთხა, შუაზე გაკეცილ და რამდენჯერმე გადახვეულ მოსახვევს.


ჩიქილა

დასავლეთ საქართველოში ტრადიციული თავსაბურავისაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავსაბურავი. ის მხოლოდ მთის რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული. ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის სამყურა თავსაფარი, რომელსაც ორი ტოტი მიკერებული აქვს. ჩიქილის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებგამობმული ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოვლებული ქსოვილი - თაუსაკონი.

მეტნაკლებად ამდაგვარი თავსაბურავები იციან საქართველოს სხვა კუთხეებშიც: მთიულეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, მესხეთში და სხვ.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“, ¹33, 1999
ლეილა მოლოდინი „ქართველი ქალის თავსაბურავი“