ქართული ქუდი

კახური ქუდი

სვანური ქუდი - ფაყვი


იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი

ერის ისტორიის შესწავლაში მეცნიერებს ეროვნული სამოსელიც ეხმარება. იგი ყოველთვის ფეხიდან იწყებს გაქრობას, ყველაზე ბოლოს კი თავის ხალხს ქუდი ტოვებს.

ქართული საბრძოლო თავსაბურავები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მზადდებოდა. ჰეროდოტეს (ძვ.წ. 485-424წწ.) ცნობით ქართველებს (კოლხებს, მოსხებს, ტიბარენებს, მოსინიკებს და მაკრონებს) ხის საბრძოლო ქუდი ეხურათ. ქსენოფონტეს (ძვ.წ. 435-355წწ.) ცნობით მოსინიკებს ტყავის თავსაბურავი ჰქონდათ. ამასვე ადასტურებს სტრაბონი (ძვ. წ. 64 და ახ. წ. 23 წწ.). თრიალეთში კი აღმოჩენილია ძვ. წ. XIII საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი.

ძველ ქართულ წყაროებში „ქუდი“ ლითონის თავსაბურავს ნიშნავდა. ჩვენში ბოლო ხანებამდე შემორჩა ლითონის შემდეგი თავსაბურავები: ჩაჩქანი, რომლის ჯამს სახის დასაცავად წვრილი ჯაჭვი შემოსდევს, მუზარადი - ის კვერცხის ფორმისაა და საცხვირეზე და გარშემო ჯაჭვი აქვს და სხვ.

რომელ ეროვნულ ქუდზე იხურავდნენ დასახელებულ საომარ ქუდებს? ჩაჩქანს იხურავდნენ კახურ (თუშურ) ქუდზე. ჩაჩქანზე იარაღის დარტყმის ძალა ნაპირებს გადაეცემა და ამირომ კახურ (თუშურ) ქუდს ნაპირზე ნაბადი ორპირად აქვს ჩაკეცილი დარტყმის ძალის შესასუსტებლად. მუზარადს სვანურ ქუდზე - ფაყვზე - იხურავდნენ. ხევსურული ქუდის ორ ნაბადს შორის დგამდნენ ჩაჩქანს. ჩაჩქანიცა და მუზარადიც მთელ საქართველოში იხმარებოდა. მუზარადით ქვეითები იბრძოდნენ, ჩაჩქანით კი - მხედრები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ახლაც შეგიძლიათ ნახოთ იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი და ჯალალედინის მუზარადი, რომელიც მუზეუმს მრავალძალის ეკლესიიდან გადმოეცა.

საქართველოში ქუდს დიდ პატივს სცემდნენ. სხვის ქუდზე ხელის წავლება, ქუდის წართმევა ან შეცვლა და დაკარგვა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. პატიოსან კაცზე იტყვიან: ნამუსის ქუდი ჰხურავსო. უკუღმართ გზაზე შემდგარზე კი ამბობენ: ნამუსის ქუდი დაუკარგავსო.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
კონსტანტინე ჩოლოყაშვილი „ქართული ქუდი“
¹6, 1996