საბაწმიდა

წმიდა საბას ლავრა* იერუსალიმიდან 13-15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ჩვენი წინაპრები მას საბაწმიდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ დამაარსებლის - წმიდა საბა განწმენდილის პატივსაცემად მიიღო. საბაწმიდა მეხუთე საუკუნეში დაარსდა მეტად პირქუშ და სასტიკ ადგილას. ეს იყო თვალჩაუწვდენელი უფსკრულებით, პირალესილი კლდეებით გარშემორტყმული ხრიოკი, უწყლო ადგილი, მაგრამ სულის ხსნის მოშურნე ბერ-მონაზვნობა სწორედ ასეთ „ფიცხელ“ ადგილებს ეტანებოდა და მალე ლავრა მოსაგრე მამებით აივსო. ლავრაში იღვოდნენ ბერძენი, სირიელი და სხვა ეროვნების ბერები. VI საუკუნიდან კი მათ ქართველებიც შეუერთდნენ. სულ მალე ქართველი ბერები საბაწმიდაში ისე მომრავლდნენ, რომ საკუთარი ეკლესიაც კი ააშენეს და ზოგიერთ საეკლესიო წიგნს მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ.

IX საუკუნეში საბაწმიდაში მივიდა და იქ რამოდენიმე წელს დარჩა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი. ცოტა მოგვიანებით, ლავრას მიაშურა ჯვრის მონასტრის დამაარსებელმა პროხორე ქართველმა. საბაწმიდაში ადრეული ხანიდანვე მოღვაწეობდა და დიდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართველ მწიგნობართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი (მარტვირი საბაწმიდელი, პიმენ კახი, იოანე ზოსიმე, სვიმეონ მგალობელი და სხვები). იქმნებოდა ქრისტიანული მწერლობის შედევრები. VIII-IX საუკუნეებში სწორედ აქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა და შემუშავდა ბიბლიური წიგნების საბაწმიდური რედაქცია. ამავე დროს, ვითარდებოდა თვითმყოფადი ქართული ჰიმნოგრაფია*.

დაუცხრომელი მუშაობა გააჩაღა ცნობილმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ და მწერალმა იოანე ზოსიმემ, რომელიც მეათე საუკუნეში მოღვაწეობდა. მან შეადგინა საგალობელთა კრებულები, იქვე შეთხზა იდუმალი და საოცარი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომელიც ცხადყოფს ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და ამაღლებას. ფართოდ გაიშალა მთარგმნელობითი მუშაობა, ითარგმნა და შედგა ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ჰიმნების კრებულები, გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, მომრავლდნენ კალიგრაფები (ანუ გადამწერები). სავანეში დამზადებულ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესია 864 წლის მრავალთავი, რომელიც უძველესი პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერია.

საბაწმიდის სავანეს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა სამშობლოსთან. საბაწმიდაში შექმნილი მწიგნობრობის ძეგლები ქართველ მოღვაწეთა და მომლოცველთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოში და საგრძნობი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე.

ქართველები საბაწმიდაში XI საუკუნემდე მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი არაბთა მომძლავრებისა და მონასტრის ხშირი დარბევის გამო, სავანეში დარჩენა თანდათან გაძნელდა, ბოლოს კი შეუძლებელი გახდა. ქართველმა მამებმა სხვა სავანეებს მიაშურეს და ხელნაწერი წიგნებიც ახალ სამყოფებში გადაიტანეს.

       ტექსტი მომზადებულია თეიმურაზ საგანელიძის მასალების მიხედვით
გაზეთი „აღსავალი“, №6. 2004წ. 15 მაისი

*ლავრა - ბერთა დიდი მონასტერი
*ჰიმნოგრაფია - სასულიერო პოეზია, რომელშიც შედის ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელი საგალობლები, ანუ ჰიმნები