სინა


სინის მონასტერი
(XVI ს. მინიატურა)

სინის მთა ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. ის არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელი ხალხი ეგვიპტიდან აღთქმის მიწებისაკენ მიჰყავდა და ათი მცნება გადასცა.

ქრისტიანები ამ მთაზე მესამე საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი იქ მეექვსე საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მეცხრე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტერში საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელიც უშურველად ეხმარებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სავანეებს. ქართველ მეფეს კარგად ესმოდა, რომ სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას ჰქონდა არა მარტო სარწმუნოებრივი მნიშვნელობა, არამედ საქართველოს პოლიტიკურ სახელგანთქმულობასაც უწყობდა ხელს.

სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.

სინის მთა

სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და ა.შ.

სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვ.

სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისეთებიც, რომლებიც ორიგინალური ღვთივსულიერი შემოქმედებით ამდიდრებდნენ ქართულ სასულიერო კულტურას. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - იოანე მინჩხი, მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინის მთაზე იღწვოდნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვა მრავალი.


წმიდა ეკატერინეს მონასტერი

სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.

სინის მთის ქართველ მამათა მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ვიმედოვნებთ, ქართველ მეცნიერებს მიეცემათ შესაძლებლობა, სრულყონ კვლევები, რაც ახალი სახით წარმოგვიჩენს ერისა და ეკლესიისათვის დაუღალავად მლოცველ ქართველ მამათა უდიდეს დამსახურებას.

 ტექსტი მომზადებულია თეიმურაზ საგანელიძის სტატიის მიხედვით
გაზეთი „აღსავალი“, №8. 2004წ. 29 მაისი