წმინდა მოწამენი: ბიძინა, შალვა და ელიზბარ

XVII საუკუნეში საქართველო დაპყრობილი ჰყავდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმძვინვარეს მტერს – შაჰ აბაზს, რომელიც მეტად ავიწროვებდა ქართველებს: ჟლეტდა, ასახლებდა, ტყვედ ჰყიდდა და თან დიდძალ გადასახადებს ახდევინებდა. სწორედ ამ დროს არიან გადასახლებულნი ირანში მცხოვრები ქართველები, რომელთაც ჩვენ ფერეიდნელ ქართველებს ვეძახით.


იკორთის ტაძარი

ამ მდგომარეობას მეტად განიცდიდნენ ქართველი მამულიშვილები. მათ გადაწყვიტეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, წინ აღდგომოდნენ შაჰ აბაზის თარეშს და შეეჩერებინათ დამპყრობელი. ქართველმა თავად-აზნაურებმა ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ააჯანყეს ქართველობა, მოულოდნელად დაეცნენ მტრის ყველაზე მეტად გამაგრებულ ბახტრიონის ციხეს და აიღეს. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო შაჰისათვის, რომელიც იძულებული გახდა, უკან დაეხია, ხელი აეღო საქართველოს აოხრების განზრახვაზე და ქართველებთან დათმობაზე წასულიყო. მაგრამ ცბიერმა შაჰმა შური მაინც იძია. აჯანყების მეთაურები თავისთან დაიბარა და გამაჰმადიანება შესთავაზა ქართველებს, რის სანაცვლოდაც სიცოცხლის შენარჩუნებას, დიდ თანამდებობებსა და პატივს პირდებოდა. მაგრამ ქართველებმა მტკიცე უარი განაცხადეს მამული-სარწმუნოების – ქრისტიანობის უარყოფაზე, რის გამოც განრისხებულმა შაჰმა ისინი სასტიკი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.

წამების ადგილზე დაყრილ წმინდანთა სხეულებს უჩვეულო ნათელი დაადგა. ქართველებმა მათი წმინდა ნეშტები საქართველოში გადმოასვენეს და იკორთას მთავარანგელოზის ეკლესიაში დაკრძალეს.