ცოტნე დადიანი

ერთს დროს საქართველოში მონღოლები ბატონობდნენ და ფარფაშობდნენ. მათ მოსპეს მეფობა საქართველოში და თვითონ მიითვისეს მეფის უფლებანი. მეტად ავიწროებდნენ ხალხსა, დიდს სარჯს ართმევდნენ, მონურს მორჩილებას თხოულობდნენ. ქვეყანას შველა უნდოდა; მაგრამ შველა ძალიან ძნელი იყო, რადგანაც მტერს მეტისმეტად დიდი ძალა ჰქონდა.

საუკეთესო მამულიშვილნი აქეთა და იქითა საქართველოსი შეიკრიბნენ ახალციხის ახლო და შეუდგნენ ბჭობას, თუ რა გზით ეშველათ ქვეყნისათვის.

დაადგინეს, აეჯანყებინათ ხალხი, შეეკრიბათ დიდი ჯარი და გაელაშქრათ მონღოლებზე. დაადგნენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ცოტნე დადიანი იმწამსვე წავიდა სამეგრელოში ხალხის ასაჯანყებლად. სხვანი კი ერთი დღით კიდევ დარჩნენ იქვე. სწორედ ამ დროს მოვიდა ჩუმად მონღოლთა რაზმი, შეიპყრო ყველა იქ მყოფნი ქართველები და ტყვედ წაიყვანა.

როცა ტყვეები მიიყვანეს მონღოლთა მბრძანებელთან, მან უბრძანა: „გააკავეთ ეს ქართველები, დაატიტვლეთ ყველანი, თოკებით შეუკარით ყველას მკლავები, წაუსვით ტანზე თაფლი და დასხით პაპანაქება მზეზედა; დეე იხრაკებოდნენ და იტანჯებოდნენ ბუზებისაგანაო“.

გაიგო თუ არა ეს უბედურება ცოტნე დადიანმა, მაშინვე გასწია მონღოლთა მბრძანებლის ბინისაკენ. მან გაიარა მესხეთი, ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთსა და შევიდა სომეხთა დედაქალაქს ანისში. ერთს დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ შეკრულები ისხდნენ მზის გულზე, იხრაკებოდნენ და იწამებოდნენ მრავალი ბუზისაგან. საშინელმა წუხილმა შეიპყრო ცოტნეს გმირული გული, როცა ამისთანა დამამცირებელს მდგომარეობაში ნახა წარჩინებულნი საქართველოსანი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძო, რადგანაც დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი, თითქო ყველა ფიქრობსო: თუ მაცხოვარი ჯვარს ეცვა ავაზაკთაგან ქვეყნის გამოხსნისათვის, ჩვენ რატომ არ უნდა ავიტანოთ ეს სასჯელი სამშობლო ქვეყნის გათავისუფლებისათვისო. ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; იმ წამსვე გაიხადა თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკით მკლავები და ამ სახით ჩაჯდა თავისს მეგობრებს შორის დაღონებული. დიდად ანუგეშა წამებულნი ამხანაგის ასეთმა ერთგულობამ და სულგრძელობამ.

როცა ეს ამბავი მოახსენეს მონღოლთა მბრძანებელს, იგი მეტად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი ასეთი საოცარი საქციელისა. ცოტნემ უპასუხა: „მე მოვედი თქვენ წინაშე, რათა გამოიძიოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკვდილისა გვიქმნია, მეც იმათთან მოვკვდე, და უკეთუ უბრალონი არიან, მეც უბრალოდ შევირაცხო, რადგან უჩემოდ არაფერი უქნიათ“.

ამ სამაგალითო თავდადებულებამ ისე ძლიერ იმოქმედა მონღოლთა წინამძღოლზე, რომ მან ბრძანა: „რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული სამეგრელოდან მოვიდა კაცი ესე დიდებული, რათა დასდოს სული თვისი მოყვასისათვის, და გასწირა სული თვისი სასიკვდილოდ, ამიტომ ვენდობი მეც მათა და განმიტევებია ყველანი“. და გაუშვეს ყველანი ესე წარჩინებულნი და წავიდნენ თავის-თავისად.

იაკობ გოგებაშვილი