არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე (მხეიძეები)

მერვე საუკუნეში საქართველოს მძიმე ჟამი დაუდგა. ქვეყანას ცრუმოციქულის – მუჰამედის – დისწული მურვან-ყრუ შემოესია. ამ დროს არგვეთში მთავრობდნენ ძმები – დავითი და კონსტანტინე მხეიძეები. ისინი ღვთისა და სამშობლოს მოშიშნი და მოყვარულნი იყვნენ. როცა ურჯულოების მოსვლა შეიტყვეს, ილოცეს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს გაძლიერებული ლოცვა თხოვეს და საბრძოლველად განემზადნენ. პირველ ბრძოლაში ქართველებმა არაბებს სასტიკი მარცხი აწვნიეს, რის გამოც განრისხებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ჯარი შეჰყარა და კვლავ დაიძრა სა ქართველოსაკენ. არაბებმა ქვეყანა სასტიკად მოაოხრეს. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები დავითი და კონსტანტინე და ისინი მურვან-ყრუს წარუდგინეს. არაბთა მბრძანებელი მოხიბლა ძმების ახოვანებამ და მხნეობამ და მათი გადაბირება განიზრახა. ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ დიდ თანამდებობებს, სიმდიდრესა და პატივს პირდებოდა. მაგრამ ვერც დავითი და ვერც კონსტანტინე ოდნავადაც ვერ შეარყია. მაშინ გამძვინვარებულმა მურვან-ყრუმ ქართველი დიდებულების მოკვლა ბრძანა. ძმებს ხელები შეუკრეს, ქედზე ლოდები მოაბეს და ტბაში გადაყარეს. ამ დროს ზეციდან ღვთიური ხმა მოისმა, რომელიც წმინდანების ლოცვის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული ურჯულოები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ.

ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან სამი ნათლის სვეტი გადმოვიდა და წყალს დაადგა. დავითსა და კონსტანტინეს ქედზე მობმული ლოდები შემოეძარცვათ, საკვრელები შეეხსნათ და მათი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. ნათლის სვეტიდან კი უფლის ხმა მოისმა, რომელიც მიუთითებდა, თუ სად უნდა დაეკრძალათ წმინდანთა ნაწილები.

წმინდანთა სხეულები ქუთაისთან ახლოს, მოწამეთას მონასტერში დაკრძალეს. საუკუნეების მანძილზე მათი ნეშტი გაუხრწნელი იყო. მე-20 საუკუნეში, მურვან-ყრუს სულიერმა შთამომავლებმა, კომუნისტებმა, გამოიტანეს წმინდანთა უხრწნელი ცხედრები და მათ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი წაუკიდეს. სამღვდელოებისა და მრევლის ძალისხმევით მოხერხდა წმინდანთა დავითისა და კონსტანტინეს დამწვარი სხეულების ისევ მოწამეთას მონასტერში დაბრუნება, სადაც დღემდე არიან დასვენებულნი.