წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის შვილთაშვილი იყო.

სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა - უსათნოესი გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია - უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

ათი წლისას მოუკვდა მამა - დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული და მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, სადუნი გამოატანა, რომელსაც დემეტრემ ათაბაგობა უბოძა. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე.

სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. მას ჰქონდა ჩვეულება, რომ ღამით გადიოდა ქალაქში და გლახაკებს, დავრდომილებსა და ობლებს მოწყალებას ურიგებდა. ეს იცოდნენ გლახაკებმა და ღამით საგანგებოდ გამოდიოდნენ ქუჩაში, რომ სადმე მეფეს შეხვედროდნენ.

15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.

შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. ააგო ისნის მონასტერი, სადაც დააბრძანა მეტეხის ღვთისმშობლის ხატი და მონასტრის საძმოს სოფლები და ოქრო-ვერცხლი შესწირა.

მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს - ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.

ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი - არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ - სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვთა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი - გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დატოვა კათალიკოსობა, წავიდა თავის მამულში და უბრალო ბერულ ღვაწლს შეუდგა.

მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი , ევფემიოს (ექვთიმე III) კათოლიკოსის ბიძა, , ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: თუ არ დაუტევებ ამ უწესობას, წაგერთმევა მეფობა, ხოლო თუ ისმენ ღვთის შეგონებას, მე გიშუამდგომლებ ღვთის წინაშე, რომ არ აღსრულდეს შენზე ამ ცოდვისათვის შენთვის განმზადებული სასჯელიო. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი.

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთვის, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მოოჴრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე თჳთ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, მშვენიერი გარეგნობის ახოვან, ჯერ კიდევ ჭაბუკ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ გადაჭრით თქვა უარი მათ თხოვნაზე.

ამის შემდეგ დემეტრე სიხარულით განემზადა უდაბნოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყეანი. იცოდა, რომ თუ დემეტრეს მოკლავდა, აღარვინ იქნებოდა ღირსი მეფობისა, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე ბუღას მეგობრობდა. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: ნუ იღელვებ, მე მოგიყვან აფხაზთა მეფის დავითის (ნარინის) ძეს, ის დასვი მეფედო. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებამ ძლიერ გაახარა მეფე, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა.

მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.

მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში.

გამოყენებული ლიტერატურა:
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I,
თბილისი, 2001