ფარნავაზ დიდი

უძველესი გადმოცემით ძვ. წ. აღ. IV საუკუნეში ქართლი დაულაშქრავს მსოფლიოს უდიდეს მხედართმთავარს ალექსანდრე მაკედონელს და თურმე თითქმის ამოუწყვეტია აქაური დიდკაცები. მათ შორის მცხეთის მამასახლისი სამარა და მის ნაცვლად ბერძენი აზო დაუნიშნავს. აზო ქართველებს მკაცრად ექცეოდა და შიშის ზარს სცემდა.

ქართლის აოხრებისას ალექსანდრეს ცოცხალი გადაურჩა სამარას პატარა ძმისშვილი ფარნავაზი, რომელიც დედამ მთიულეთში გადამალა და იქ აღზარდა.

ფარნავაზი წამოიზარდა და იშვიათი მოისარ-მონადირე დადგა. ერთხელ სანადიროდ წასულს დიღმის მიდამოებში შემოაღამდა და იძულებული გახდა, თავი გამოქვაბულისათვის შეეფარებინა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი გამოქვაბული კი არა, სამალავი ყოფილიყო, რომელშიაც დიდი განძი ინახებოდა. ფარნავაზი ამ განძს ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა დებთან ერთად სახედრებით და საიმედო ადგილზე შეინახა. იგი ახლა უმდიდრესი კაცი გახდა. ოღონდ ქონება პირადი ცხოვრების მოსაწყობად და დროის სატარებლად კი არ გამოიყენა, არამედ იმჟამად ბედკრული სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ფარნავაზს სურდა, ქართლიდან აზო და მისი მხედრობა გაეძევებინა და დახმარება სთხოვა დასავლეთ საქართველოს (ეგრის-კოლხეთის) მმართველს ქუჯის. ქუჯი საერთი ქართული საქმისათვის თავდადებული კაცი იყო და ფარნავაზს სიხარულით დაუდგა გვერდით; მათ ჩრდილოეთ კავკასიელი მეზობლებიც მოიშველიეს, აზოს აუჯანყდნენ და სასტიკად დაამარცხეს. თვითონ აზო კი სიცოცხლეს გამოასალმეს.

გადმოცემის მიხედვით ქართლი და ეგრისი ერთ სამეფოდ გაერთიანდა, რომელსაც სათავეში ფარნავაზი ჩაუდგა. მეფე დიდად ზრუნავდა ქართლის გაძლიერებისა და განვითრებისათვის. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული ანბანის წარმოშობა. ისტორიკოს ლეონტი მროველის თქმით, ფარნავაზს ერთადერთ სავალდებულო ენად მთელ სახელმწიფოში ქართული დაუწესებია და ქართული ანბანიც შეუქმნია.

ფარნავაზისა და მისი მემკვიდრეების (ფარნავაზიანთა დინასტიის) დროს საქართველო მდიდარი და განვითარებული ქვეყანა ყოფილა.