თამარ კუკავა
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ფილადელფოს კიკნაძე

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა დაარღვია რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულება და გამოსცა მანიფესტი რუსეთთან საქართველოს შეერთების შესახებ. ამის შედეგად რუსეთმა მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და განახორციელა მისი სრული ანექსია*. მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს გამოუცხადეს თბილისის სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ თავადაზნაურობას. სიონის ტაძარს კი რუსთა სამხედრო ნაწილები შემოარტყეს, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იარაღით ჩაეხშოთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ქართველები არ შეგუებიან და ბევრჯერ სცადეს რუსეთის მონობის უღლის მოშორება. ასეთი ცდა გახლდათ 1832 წლის შეთქმულება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სასულიერო პირი ფილადელფოს კიკნაძე.

ფილადელფოსის მშობლები იყვნენ იოანე კიკნაძე და თინათინ აბაშიძე. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822წ.) - ფილადელფოსი. დაბადებულა 1793 წელს. მშობლები ადრე გარდაცვლია, რის გამოც ხირსის მონასტრის არქიმანდრიტს წაუყვანია თავის მონასტერში, სადაც მას ღვთისმეტყველება და ფილოსოფია შეუსწავლია. შემდეგ 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყოლია რუსეთში. ნიჟნი ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოება მოსვლია და დაუპატიმრებიათ. მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაუთავისუფლებიათ და იგი მოსკოვს ჩასულა. აქ დაახლოებია მეფეების - ერეკლესა და გიორგის - შვილებს. გაუგია შეთქმულების შესახებ და მისი წევრი გამხდარა. საქართველოში დაბრუნებულა 1828 წელს და აქტიურად ჩაბმულა შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური“, რომელსაც საფუძჳლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი.

„აკტში“ ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი“. ერთ პროკლამაციაში* წერდა: „ეხლა, მანამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ გამაგრებული, ეხლა უნდა დავესხათ თავს და გავრეკოთ აქედამ, თორემ თუ ამათ აქ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისთვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენც გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ეხლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი უნდა გაძევებულ იქნენ აუცილებლად საქართველოდამ“.

სამწუხაროდ, შეთქმულება, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, მოღალატე იასე ფალავანდიშვილმა გასცა და მონაწილეთა უმრავლესობა დააპატიმრეს. მათ შორის ფილადელფოს კიკნაძეც. ამ დროს ფილადელფოსი შუამთის მონასტერში მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი.

გენერალ-ადიუტანტმა ბარონმა როზენმა გენერალ რუეტს უბრძანა, მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭული გაეჩხრიკათ, ხოლო ფილადელფოს კიკნაძე თბილისში ჩამოეყვანათ.

როგორც ქვათახევის მონასტრის ბერი გენადი მოგვითხრობს, გაზაფხულზე 60 ყაზახი და 120 სალდათი შემოერტყა შუამთის ტაძრის გალავანს. ამ სამხედრო ნაწილებს თან ახლდა საქართველოს ეგზარქოსი (მღვდელმთავარი). საქართველოს სიყვარულისათვის ფილადელფოს კიკნაძეს ამ ერთმორწმუნე ეგზარქოსმა ჯვარი ააგლიჯა, მაგრამ ფილადელფოსმა ჯვარი უკან გამოსტაცა. მაშინ იგი მაგრად შებოჭეს თოკით, ბორკილები გაუყარეს, წელსა და ყელზე თოკი გამოაბეს, თოკის ბოლო ცხენზე მჯდარ ყაზახს მისცეს და ასე გაუყენეს თბილისის გზას შუამთიდან. იგი 32 დღე მოჰყავდათ ქვეითად, თან შეიარაღებული ყაზახები მოსდევდნენ. თბილისში ჯერ ავლაბრის ყაზარმაში* მოათავსეს. თუმცა საშინელი ნაცემ-ნაგვემი იყო, შეთქმულების აქ მყოფი ყველა მონაწილე მოინახულა, დაარიგა როგორ ელაპარაკათ. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ სხვაგან გადაიყვანეს.

ფილადელფოსი საპატიმროში უაღრესად მძიმე პირობებში ჰყავდათ. მაგრამ მან ბოლომდე გაუძლო ტანჯვა-წამებას და თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. რვა თვის პატიმრობის შემდეგ კი სატუსაღოში გარდაიცვალა 1833 წელს. მისი გარდაცვალების შესახებ შტაბ-მკურნალი ნიკოლსკი საგამომძიებლო კომისიას აცნობებდა, რომ ფილადელფოს კიკნაძე კუჭისა და ნაღვლის ანთებით ავად გახდა 25 აგვისტოს. მკურნალობის შედეგად გამოჯანსაღდა, მაგრამ „2 სექტემბერს ღამით ტანისამოსი მოიშორა და დაავდება კვლავ გამძაფრდა ისე, რომ თვით ძლიერმა საამისო საშუალებებმაც არავითარი შესაბამისი გავლენა არ იქონია. ამის გამო ნაღვლისა და კუჭის ანთებით გარდაიცვალა სექტემბრის 5-ს, ნაშუადღევის 9 საათზე“. რა დამცინავად ჟღერს ეს სიტყვები!

ამ დროს ერის სულიერი და პოლიტიკური მოძღვარი ფილადელფოს კიკნაძე სულ 40 წლისა იყო.

ფილადელფოს კიკნაძე უაღრესად განათლებული კაცი გახლდათ. დაწერილი ჰქონდა უამრავი ნაშრომი, რომელთაგან ძალიან ცოტამ მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „აკტი გონიური“, რამოდენიმე ლირიკული ლექსი, თხზულება - „სიყვარული მამულისა“ და ერთგვარი თეთრი ლექსი - „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენაისნი - ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა“.

„აკტი გონიურში“ ჩამოყალიბებულია შეთქმულთა ურთიერთობებისა და ვალდებულებების პრინციპები. „სიყვარული მამულისა“ დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც სრულად წარმოგვისახავს ავტორის შეხედულებებს სამშობლოს წინაშე ადამიანის მოვალეობის შესახებ. ფილადელფოსის აზრით, სამშობლოს სიყვარული საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა დამპყრობლებმა საქართველო თითქმის დაღუპვის პირას მიიყვანეს. იგი ცდილობს, განსაზღვროს მცნება „სამშობლო“ და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. ესენია: 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა-წყალი; 2. ერი, რომელსაც ვეკუთვნით და 3. ამ ერის რჯული და ადათ-წესები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც.

„გოდებანი“ ეძღვება თანამედროვე ივერიას. ნაწარმოების ძირითადი მოტივია ურვა და გლოვა რუსი დამპყრობლების ძალმომრეობის შედეგად შექმნილი სამშობლოს მძიმე მდგომარეობის გამო.

ფილადელფოსი ვერ მოესწრო თავისუფლებას. საპატიმროში ამოხადეს სული მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი არსებით, უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო და სურდა, იგი თავისუფალი ენახა.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№22, 1998

*ანექსია - ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის თავის ტერიტორიასთან ძალით შეერთება, დაპყრობა
*პროკლამაცია - პოლიტიკური ხასიათის მოწოდების ფურცელი
*
ყაზარმა - სამხედრო ნაწილების საცხოვრებელი შენობა