გლეხი ბოსტაშვილი

მეფე ერეკლეს დიდხანს ჰქონდა ომი სპარსელებთან და ოსმალებთან. ამით ისარგებლეს ჭარელმა გლეხებმა, რომლებიც საინგიოს ახლო ცხოვრობდნენ და რბევა დაუწყეს ინგილოებს. ბედად, ერეკლემ მალე ბრწყინვალედ გაიმარჯვა სპარსელებზედაც და ოსმალებზედაც და მაშინ მოიწადინა ჭარელების ჭკუაზე მოყვანა და ალაგმვა. შეკრიბა ჯარი, მიადგა ჭარსა და იწყო ბრძოლა. ზურგის ჯარად ერეკლეს ჩვენებური თათრები ჰყავდა. ესენი წინათ დიდს ერთგულებას იცენდნენ ქართველებისას, მაგრამ ახლა კი უღალატეს და უკანიდან აუტეხეს სროლა. ქართველი ჯარი იძულებული გახდა უკან-უკან წამოსულიყო. ამ დროს მეფე ერეკლეს მტრის ტყვიამ ცხენი მოუკლა. იქვე თავადი ანდრონიკაშვილი ჩინებულს ცხენზე იჯდა. აქეთ-იქიდან დაუძახეს: ცხენი მეფეს დაუთმეო. ანდრონიკაშვილმა უთხრა მეფეს: „მობრძანდი, უკან შემომიჯექი, ჩემი ცხენი ორივეს კარგად გვატარებსო“. – „შენც შეგარცხვინა ღმერთმა და შენი ცხენიცაო“, მრისხანედ მიაძახა ერეკლემ. იქვე ახლო შეესწრო ქიზიყელი გლეხი ბოსტაშვილი, რომელიც ბედაურს ცხენზე იჯდა. მაშინვე გადმოხტა, მიართვა ცხენი მეფესა და მოახსენა: ჩემი სიკვდილი არაფერია, შენი დაღუპვა კი ქვეყანას უბედურებას მიაყენებსო. ყველა ამის მოწმე და მნახველი აღტაცებაში მოიყვანა ამ გლეხის თავგანწირულებამ და დიდი ქება უძღვნეს.

ამ გლეხის ჩამომავალნი არიან ახლანდელი აზნაურნი ბოსტაშვილები, რომელთაც მადლიერმა ერეკლემ აზნაურობა უბოძა.

იაკობ გოგებაშვილი