ოქროს საწმისი

ეს იყო ძალიან ძველად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. შავი ზღვის სანაპიროზე ყვაოდა უმდიდრესი ქართული სამეფო კოლხა, ანუ როგორც სხვაგვარად უწოდებდნენ – ეგრისი. მისი დედაქალაქი იყო კუტაია, დღევანდელი ქუთაისი. იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, კოლხაში მეფობდა აიეტი.

მეფე აიეტი ზღაპრული სიმდიდრის სასახლეში ცხოვრობდა: უამრავი შადრევანი იყო უზარმაზარ დარბაზებში, ზოგიდან ცხელი და ცივი წყლები გადმოსჩქეფდა, ზოგიდან კი რძე და კეთილსურნელოვანი ზეთი. მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მეფე აიეტს გააჩნდა, იყო ოქროს მატყლის მქონე ვერძის ტყავი, ანუ ოქროს საწმისი, რომელზეც ეწერა, თუ როგორი წესით უნდა მოეპოვებინათ ოქრო მდინარეთა ქვიშაში.

ოქროს საწმისის შესახებ იცოდნენ ბერძნებმა და მისი ხელში ჩაგდება სურდათ. ერთ დღეს მათი გემი, სახელად „არგო“, კოლხეთის ნაპირებს მოადგა. ბერძენ ზღვაოსნებს, ანუ არგონავტებს, მეთაურობდა ბერძენი უფლისწული იაზონი. ისინი მეფე აიეტს ეახლნენ და თხოვეს, დაეთმო მათთვის ოქროს საწმისი. თავიდან მეფე განარისხა ამ კადნიერმა თხოვნამ, მაგრამ შემდეგ დათანხმდა იმ პირობით, თუ იაზონი შეარულებდა ყველაფერს, რასაც მეფე აიეტი თავად ადვილად ასრულებდა, თუკი მოინდომებდა.

პირველი, რაც იაზონს უნდა გაეკეთებინა იყო ის, რომ აიეტის სპილენძისჩლიქებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეება და მიწა მოეხნა. შემდეგ იქვე მთვლემარე ურჩხული გაეღვიძებინა და მოეკლა, მისთვის კბილები დაეძრო და დაეთესა. ბოლოს კი იმ კბოლებიდან ამოსულ გოლიათებს შებრძოლებოდა და დაეხოცა. იაზონი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, რა ეღონა. სწორედ ამ დროს მას მოულოდნელად დამხმარე გამოუჩნდა: ეს გახლდათ აიეტის უმშვენიერესი ასული მედეა, რომელსაც ბერძენი უფლისწული ძლიერ შეყვარებოდა. მედეამ უამრავი გრძნეულება იცოდა, იცნობდა ბალახების სამკურნალო თვისებებსაც და მათგან უებარ წამლებს ამზადებდა. სწორედ მან მისცა იაზონს ისეთი წამალი, რომლის მიღების შემდეგაც იაზონს აღარც ცეცლის სწვავდა და აღარც ხმალი ჭრიდა. ასე, რომ ბერძენმა უფლისწულმა ყველა დავალებას იოლად გაართვა თავი. მაგრამ აიეტი მიხვდა, ვისი გრძნეულებითაც შესძლო იაზონმა მისი დავალებების შესრულება და ოქროს საწმისის დათმობაზე უარი განაცხადა. მაშინ ბერძნებმა ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც ოქროს საწმისის მცხველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს მედეაც, რომელსაც სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.