საჩინო ბარათაშვილი

სპარსელებსა და ქართველებს შორის ომი იყო. ქართველს ჯარს წინამძღვრობდა მამაცი მეფე სვიმონი. ქართველების საქმე კარგად მიდიოდა და სრული გამარჯვების იმედი ჰქონდათ. მაგრამ საზიზღარმა ღალატმა საქმე უკუღმა დაატრიალა. ჩვენის ჯარის ერთ-ერთ უფროსაც იყო ყორღანაშვილი. ერთს ღამეს ეს ყორღანაშვილი გაიპარა ქართველი ჯარიდან, მივიდა სპარსელებთან, გასცა ჩვენები, ყველაფერი შეატყობინა მტერსა და შველა აღუთქვა. ჩაიდინა ეს ღალატი იმ განზრახვით, რომ სპარსელებისაგან მიეღო დიდი ჯილდო და მაღალი თანამდებობა. სპარსელებს მოღალატე მოუძღვა დილის რიჟრაჟის დროს, როცა ქართველს ჯარს ეძინა. სძლიეს ქართველებს, დაატყვევეს მეფე სვიმონი და უკუ აქციეს ქართველი ჯარი.

სპარსელები შემოვიდნენ თბილისში და გაბატონდნენ. უხვად დააჯილდოვეს და აღამაღლეს მოღალატე ყორღანაშვილიც.

მთელი ქართველობა გამსჭვალული იყო უკიდურესის შურისძიებით ყორღანაშვილისადმი. იგი მზად იყო გაეღმერთებინა ის, ვინც მას სამაგიეროს გადაუხდიდა და მიაყენებდა იმისთანა სასჯელს, რომლისაც ღირსი იყო ეს იუდა. მაგრამ ამ მოღალატის დასჯა ძლიერ ძნელი იყო. დამსჯელს მოელოდა გაბატონებული სპარსელებისაგან ტანჯვა, წამება და საშინელი სიკვდილი.

მიუხედავად ამისა, ჩქარა აღმოჩნდა ეს სანატრელი შურისმაძიებელიც. ეს იყო საჩინო ბარათაშვილი, მძალვრი ვაჟკაცი, მხურვალე მამულიშვილი, ყოფილი წინამძღოლი ქართველი ჯარისა.

ერთხელ მანგლისის გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს მოღალატე ყორღანაშვილი და საჩინო ბარათაშვილი. შეხვედრა მოხდა თვალჩაუწვდენელის ხრამის პირად. ყორღანაშვილმა არხეინად მისცა სალამი ბარათაშვილს ამ სახით: „საჩინოს გაუმარჯოსო“. საჩინომ მიაძახა: „ღმერთმა ყველა ქართველს გაუმარჯოს იუდა მოღალატეზედაო“. სთქვა თუ არა ეს, გაექანა, ჰკრა ხელი ყორღანაშვილსა და გადაჩეხა უფსკრულს ხრამზე. ყორღანაშვილი რახა-რუხით წავიდა კლდიდან კლდეზე, დაიმსხვრა და მანამ ძირს უწევდა, საშინელი ტანჯვით დალია ცოდვილი სული.

ყველა ქართველი ადიდებდა საჩინო ბარათაშვილს, რომელმაც თავი გასწირა და სამაგალითოდ დასაჯა მოღალატე იუდა.

იაკობ გოგებაშვილი