„სწავლულ კაცთა კომისია“

ცნობილია, რომ ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა კრებული, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ეწოდება, გიორგი ბრწყინვალის მეფობის ამბების შემცველი თხზულებებით თავდებოდა და მასში არ შედიოდა საქართველოს შემდგომდროინდელი პოლიტიკური თავგადასავალი. ეს ქართველთა მომავალ თაობებს საშუალებას არ აძლევდა თავიანთი სამშობლოს წარსულის ნამდვილი ვითარება სცოდნოდათ. ცხადია, ეს მეტად საზიანო იყო ქართველთა ეროვნული და პოლიტიკური თვითშეგნებისათვის: საკუთრი სამშობლოს წარსულის ცოდნა ხომ სახელმწიფოებრივად დაქსაქსულსა და კულტურულად დაქვეითების გზაზე მდგარი ქვეყნის მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელი იყო.

როგორც ვიცით, ამ ნაკლის გამოსწორება ვახტანგ VI იკისრა. სწორედ იგი იყო პირველი, ვინც ცხადად იგრძნო XIV-XVII საუკუნეების საქართველოს დაუწერელი ისტორიის აღდგენის აუცილებლობა და ამ ოთხსაუკუნოვანი ხარვეზის ამოვსებისათვის მუშაობასაც შეუდგა. მისი თაოსნობით შეიქმნა განსწავლულ კაცთა ჯგუფი, „სწავლულ კაცთა კომისიის“ სახელით ცნობილი, რომლის ხელმძღვანელობაც ბერ ეგნატაშვილს დაევალა.

შორეული წარსულის აღდგენა ძნელი საქმეა, მეტადრე, როცა მკვლევარს იმდროინდელი საისტორიო თხზულებები არ მოეპოვება. ამიტომ „სწავლულ კაცთ“ გამოუყენებიათ არა მხოლოდ ადგილობრივი, ქართული წყაროები, არამედ უცხოური წყაროებითაც უსარგებლიათ, კერძოდ, სპარსული და სომხური საისტორიო ძეგლებით, თუმცა ხელთ ჰქონიათ ბერძნული წყაროებიც. მათ მიერ გამოყენებულ ქართულ წყაროებში შედიოდა როგორც წერილობითი ძეგლები, ისე ზეპირი გადმოცემები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ბოლო ხანების აღწერილობისას გამოუყენებიათ. უსარგებლიათ ქორონიკონით და სიგელ-გუჯრებითაც.

„სწავლულ კაცთა კომისიის“ ღვაწლად უნდა ჩაითვალოს საისტორიო მწერლობაში საბუთებიდან ამოღებული ცნობებით სარგებლობის დამკვიდრება, რაც მეტად რთული საქმეა. მაგრამ, როცა ამა თუ იმ ხანის შესახებ სხვა არანაირი მასალა არ მოეპოვებოდათ, „სწავლულნი კაცნი“ სიგელ-გუჯრების საშუალებით აღადგენდნენ ზოგიერთ მეფეთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

კომისიამ თავის შედგენილ კრებულს „ახალი ქართლის ცხოვრება“ უწოდა, ესაა XIV-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია, რომლის შედგენაც სავარაუდოდ 1721 წელს უნდა დასრულებულიყო. კრებულს წამძღვარებული აქვს ბერი ეგნატაშვილის წინასიტყვაობა, სადაც საუბარია „სწავლულ კაცთა კომისიის“ მოწვევის მიზნებსა და მათი მუშაობის შედეგებზე.

იმის გამო, რომ „ახალი ქართლის ცხოვრებას“ რამდენიმე ავტორი ჰყავს, მისი ნაწილები განსხვავდება ენით, მართლწერით. თხზულება ქართლ-კახურ დიალექტზეა დაწერილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთა მიერაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი მონათხრობი უფრო თანმიმდევრული და ზუსტია მაშინ, როცა სხვაგან ხშირად ვხვდებით უზუსტობებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგი ხანის შესახებ შედარებით მეტი წყარო მოიპოვებოდა, სხვებზე კი - ნაკლები. მაგრამ ალბათ ამგვარი ვითარება თვითონ კომისიის წევრთა ცოდნასა და ნიჭზეც იყო დამოკიდებული.

„სწავლულ კაცთა კომისიას“, მთავარი მიზნის გარდა, სხვა მიზანიც დაუსახავს, კერძოდ, გაერკვია საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დრო და მიზეზები, ამ სამეფო-სამთავროების ბატონ-პატრონთა შთამომავლების შტოები და დაედგინა წარმოქმნილი სამეფო-სამთავროების საზღვრები.

„სწავლულ კაცთა“ დიდ ნაკლს წარმოადგენს ის, რომ არსად, ერთი შემთხვევის გარდა, აღნიშნული არ აქვთ გამოყენებული წყაროების დასახელებები.

აღსანიშნავია, რომ „სწავლულ კაცთ“ განურჩევლად ყველა ხელთარსებული მასალა არ მიუღიათ, არამედ საეჭვოზე უარი უთქვამთ და მხოლოდ დაზუსტებული წყაროები შეუტანიათ თავიანთ ნაშრომში, თუმცა გაურკვეველია, რა გზით ხდებოდა ამ წყაროების სიზუსტის დადგენა.

განსაკუთრებული ყურაღების ღირსია ის ფაქტი, რომ „სწავლულ კაცთ“ განუზრახავთ და შეუდგენიათ კიდეც სრულიად საქართველოს ისტორია და არა საქართჳელოს ერთ-ერთი კუთხისა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ერთობის აზრი ძლიერი და ცოცხალი ყოფილა იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყანა პოლიტიკურად დაქსაქსულ-დაქუცმაცებული იყო.

ამდენად, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, „სწავლულ კაცთა კომისიის“ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ქართული საისტორიო მწერლობის განვითარებისათვის, არამედ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:
ივ.ჯავახიშვილი, ტ. VIII
თბილისი, 1977

ქორონიკონი - ძველ საქართველოში საკუთარი წელთაღრიცხვა არსებობდა და მას ქორონიკონს უწოდებენ. თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ხმარობდნენ ანბანის ასოებს, რომელთაც რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდათ. ჩვენში ქორონიკონით წელთაღრიცხვა შემოიღეს ახ.წ. 780 წლიდან. ქართული ქორონიკონი რომ ჩვენი, დღევანდელი წელთაღრიცხვით გამოვიანგარიშოთ, საჭიროა ქორონიკონის რიცხვი მივუმატოთ 780 წელს. მაგალითად, 407 ქორონიკონი იქნება: 780+407=1187წ.

სიგელი - მეფის მიერ გაცემული საბუთი რაიმე დამსახურების აღსანიშნავად.

გუჯარი - ეკლესიისთვის მეფის ან მემამულის მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობისათვის სავალდებულო წესები.