25 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

25 მარტს აღინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. რა არის ავტოკეფალია და რა თარიღს უკავშირდება ამდღევანდელი დღესასწაული?

„ავტოკეფალია“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. ბერძნულად „autos“ ნიშნავს „თვით“, ხოლო „kephalē“ - „თავს“, ანუ ავტოკეფალია ესაა საკუთარი თავის მფლობელობას, დამოუკიდებლობა.

სარწმუნოების სიმბოლოდან - „მრწამსიდან“ ჩვენ ვიცით, რომ უფალმა დააარსა „ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, რომელიც არის სხეული ქრისტესი, ქრისტე კი თავია მისი, როგორც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული. და თუ ეკლესია ერთი სხეულია, მაშინ რას ნიშნავს ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი ეკლესიები: ქართული, რუსული, ბერძნული?..

თქვენ იცით, რომ სულთმოფენობის შემდეგ ქრისტეს მოწაფეები სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ ქრისტიანობის საქადაგებლად და მრავალი ადამიანი მოაქციეს. ქრისტიანობა თანდათან სახელმწიფო რელიგია ხდებოდა ბევრ ქვეყანაში. იგი ისეთ დიდ ტერიტორიებს მოედო, რომ ეკლესიის სამართავად აუცილებელი გახდა გარკვეული დამოუკიდებლობის მქონე ერთეულების ჩამოყალიბება, რომლებიც მართალია ერთიანი ეკლესიის შემადგენელი ნაწილები იყვნენ, მაგრამ სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან, ხალხთან ურთიერთობებს იმ ქვეყნების წესებისა და ტრადიციების მიხედვით აწესრიგებდნენ, სადაც არსებობდნენ. დადგინდა, ავტოკეფალია იმ ქვეყნებისათვის მიენიჭებინათ, სადაც თვითონ ქრისტეს მოწაფეებს უქადაგიათ. ხოლო სხვა ეკლესიები, რომლებიც შემდგომში ჩამოყალიბდნენ, მათ დამორჩილებოდნენ. ავტოკეფალური ეკლესიები ქრისტეს ერთი ეკლესიის ნაწილნი არიან, როგორც მაგალითად თავი, ხელი, ფეხი და ა.შ. არის ერთი სხეულის ნაწილები. ისინი ერთი გზით, ერთი მიზნისაკენ მიისწრაფვიან - ადიდონ ჭეშმარიტი ღმერთი და თავიანთი სამწყსო ზეციურ სასუფეველში მიიყვანონ. საზოგადო კანონებიც ერთი აქვთ, ერთი აქვთ რჯულის კანონები, ლოცვები. მაგრამ განსხვავდებიან ამა თუ იმ ტრადიციით: ხატწერისა და საგალობლების სტილით, ტაძრების არქიტექტურით, სალოცავი ენით და სხვა. ასევე, ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ტერიტორიებზე წამოიჭრება. ჰყავთ საკუთარი საეკლესიო ხელისუფლება (იერარქია), უფლებამოსილნი არიან თავიანთი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასხმა-გადაყენება, მღვდლების კურთხევა თვითონ განაგონ.

ავტოკეფალურია ჩვენი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რადგან როგორც იცით, სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით, ივერიაში წამოსასვლელად წმინდა ანდრია პირველწოდებული აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.

წმინდა ანდრია პირველწოდებულს თან ახლდა წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც, რომლის ქორწილშიც პირველი სასწაული მოახდინა ქრისტემ - წყალი ღვინოდ აქცია. მოციქულებმა აჭარაში იქადაგეს, შემდეგ აფხაზეთში გადავიდნენ. როდესაც ანდრია ჩრდილოეთისაკენ გაემართა, სვიმონი აფხაზეთში დარჩა და აქვე აღესრულა მოწამეობით, იგი დაკრძალულია ანაკოფიაში. სხვადასხვა დროს საქართველოში იქადაგეს ქრისტეს სხვა მოციქულებმაც: ბართლომემ და მატათამ. მატათა აჭარაში, გონიოს ციხესიმაგრეშია დაკრძალული.

მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს მიერ მოქცეულმა მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, მეფის თხოვნით ბიზანტიიდან ხალხის მოსანათლად იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები ჩამოვიდნენ. იოანე მალე ანტიოქიის პატრიარქად აირჩიეს და ამდენად საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის ეკლესიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის თაოსნობით 472 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის უფლება მიიღო და საკუთარი კათოლიკოსი დაუდგინდა. ცოტა მოგვიანებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამის ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. მირონს ცხებენ მონათვლის დროს, ასევე მეფედ კურთხევის დროს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალურობას დიდხანს ვერ შეეგუა ანტიოქიის ეკლესია და მისი გაუქმების საკითხი წამოაყენა. მაშინ ათონის წმინდა მთაზე, ივერონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდა დიდი მამა - გიორგი ათონელი. მან იმპერატორის სასახლეში შეკრებილ სასულიერო და საერო პირთ განუცხადა: თქვენ ამბობთ, რომ პეტრეს მოქცეულნი ხართ ქრისტიანობაზე. ჩვენ კი ანდრია პირველწოდებულმა მოგვაქცია, რომელიც პეტრეს უფროსი ძმა და მისი ქრისტესთან მიმყვანებელი იყო. თვითონ განსაჯეთ, ვის უფრო შვენის მორჩილება - უფროსს უმცროსისადმი თუ პირიქით? მიმყვანებელს თუ მიყვანებულს? მაშინ ბერძნებმა განზრახვაზე ხელი აიღეს, იქით არ მოვექცეთ საქართველოს ეკლესიის მორჩილებაშიო.

1801წელს საქართველო რუსეთმა დაიპყრო. მალე გაუქმდა მეფობა, რუსებმა საქართველოს ბოლო მეფე გიორგი მეთორმეტე რუსეთში გადაასახლეს და ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანას საკუთარი მეფე აღარ ღირსებია. რუსეთი არც ავტოკეფალიის გაუქმებას დარიდებია. იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა თვალდაუხამხამებლად მოაწერა ხელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. ქართული ეკლესია რუსეთის ეკლესიას შეუერთეს. ეს მოხდა 1811 წელს, საქართველოს ბოლო კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს.

საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარხოსების მეშვეობით მართავდა. ისინი ცდილობდნენ მთლიანად ამოეძირკვათ ყოველივე ქართული და ტრადიციული, გადაღებეს მრავალი ქართული ფრესკა, აკრძალეს ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები და რუსული შემოიღეს. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ ერთ-ერთმა ეგზარხოსმა სასულიერო სემინარიის ქართველთმოძულე რექტორის მკვლელობისათვის ქართველი ერი დაწყევლა. გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა ამხილა ეგზარხოსი და უთხრა, რომ მას აღარ ჰქონდა უფლება, დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც დაწყევლა. ამ მხილების გამო დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს და შემდეგ მხეცურად მოკლეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა ქართველ სამღვდელოებასთან ერთად დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მეთაურობით მეფისნაცვალს ეახლა და მოთხოვა, განეხილა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე აღდგენილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. იმავე წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიამ ას ექვს წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი, ეს პატივი ერგო კირიონ მეორეს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური. საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ასეთ დოკუმენტს მსოფლიო პარტიარქმა ხელი მოაწერა 1990 წლის 4 მარტს .