1918 წლის 26 მაისი

1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და რუსეთს მიუერთა. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში აღმოჩნდა.

იმპერია თანდათან სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები; განადგურდა ძეგლები, რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობაში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ შუღლს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერის შვილებს შორის; ბევრი მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს ყოველივე ამის წინააღმდეგ, რუსეთში გადაასახლეს.

ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ საქართველოში გაიშალა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოვიდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღდგა ქართული თეატრი, დაფუძვნდა სათავადაზნაურო ბანკი, დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ბოლოს, ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოში გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაში გადაიზარდა და რომანოვთა სამასწლიანი ბატონობა დასრულდა. რუსეთს კავკასიისათვის აღარ ეცალა. საქართველოსათვის ხელსაყრელი დრო დადგა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები, ე.წ. მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ. ამ დროს საქართველო სრულიად უპატრონოდ იყო დარჩენილი, მას არც მთავრობა ჰყავდა და არც ჯარი, რომ თავი დაეცვა. სოციალ-დემოკრატებმა სეიმი* მოიწვიეს, რომელსაც სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის -  მართვა უნდა ედვა თავს.

მაგრამ რუსეთმა ახალი „საჩუქარი“ მოუმზადა თავისუფლებისაკენ მიმავალ ქვეყნებს. მან ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლის თანახმადაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს თურქეთს უთმობდა. ქართულ-თურქულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო და საქართველოს ერთადერთი გამოსავალი დარჩა - დამოუკიდებლობის გამოცხადება. ქვეყანას არ უნდა ეცნო ზავი და თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა ეღიარებინა.

მართალია, სოციალ-დემოკრატები ეროვნული იდეალებისაგან შორს იყვნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მათ მიზნებში არ შედიოდა, განვითარებულმა მოვლენებმა მათ აშკარად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ დგას მამულიშვილურ ვალზე მაღლა.

და აი, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, სადაც პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა უამრავი მამულიშვილი:

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ* უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

გამოყენებული წყარო:
ჟურნალი „კარიბჭე“,
მაისი, 2004

* სუვერენული - დამოუკიდებელი
* სეიმი - მმართველობის ორგანო