დედა ენა

14 აპრილს საქართველო აღნიშნავს „დედა ენის“ დღეს, რადგან საძირკველი განათლებისა არის წერა-კითხვის ცოდნა. ამ საძირკვლის ჩადგმას, უპირველეს ყოვლისა, ეხმარება „დედა ენა“.

„დედა ენის“ შედგენა ადვილი როდი იყო. ეს რთული საქმე თავს იდო დიდმა ქართველმა მოღვაწემ - იაკობ გოგებაშვილმა. მან კარგად შეისწავლა ანბანის სწავლების თავისებური წეს-კანონები და დაასკვნა, რომ ბავშვებისათვის უხალისო და უინტერესოა, როცა ისინი ასო-ბგერებს ცალ-ცალკე სწავლობენ. ამიტომ იაკობმა ყოველი ასო-ბგერა სიტყვებში გააცოცხლა: „აი ია“, „აი თითი“... ასო ასოს ემატება, აზრი აზრს და ბავშვის შეგნება იზრდება, ფართოვდება, იხვეწება, ბოლოს იმ დიდ ოკეანესთან მიდის, ქართული ენა რომ ჰქვია.


დედაენის ძეგლი თბილისში

და აი, პატარებს უკვე შეუძლიათ თვითონვე წაიკითხონ მოთხრობები, ლექსები, გამოცანები, ანდაზები, რომლებიც ასე უხვად მოუთავსებია დიდ მასწავლებელს სანუკვარ „დედა ენაში“. ყველა მათგანი რაღაც საინტერესოს გვიამბობს, ყურადსაღებს გვასწავლის. მაგრამ რას? ამას ბავშვი თავად უნდა მიხვდეს. არავითარი ახსნა-განმარტება, არანაირი ჭკუის სწავლება და მზა დასკვნები წიგნში არ არის. იაკობ გოგებაშვილს სურს, პატარამ თვითონვე იფიქროს, განსაჯოს და დასკვნებიც თავად გამოიტანოს. აი, მიზეზი, რატომაა ეს წიგნი ასე საყვარელი. ბავშვებისათვის ხომ ასე დამთრგუნველი და დამამცირებელია, როდესაც მათ მუდმივად თავს ახვევენ საკუთარ აზრებს, სულ ჭკუას ასწავლიან. „დედა ენა“ კი პატარებს უდიდეს თავისუფლებას ანიჭებს, ნდობას უცხადებს და აგრძნობინებს, რომ მათ თავად შეუძლიათ ფიქრი და დასკვნების გამოტანა.

და ასე, მოთხრობა ცვლის ლექსს, ბავშვებისათვის საყვარელ თავსატეხ გამოცანებს, რომელთაც მოსდევს სასაუბროები, სავარჯიშოები. ბავშვები იწრთობიან უკვე შეთვისებული ხატულა ასოების წერაში. მათ უკვე შეუძლიათ საკუთარი აზრები ქაღალდზე გადაიტანონ.

ბავშვებმა უნდა შეისწავლონ არა მარტო წერა, არამედ შეიყვარონ სამშობლო, გაეცნონ მის წარსულს, მის ბუნებას, სხვადასხვა მხარეებს, თავდადებულ გმირებს... „დედა ენა“ მათთვის გასაგებ ენაზე მოუთხრობს მათ ყოველივეს და ბავშვებიც ხედავენ, როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან ენა, მამული, სარწმუნოება, ცოდნა...

ყოველი სიტყვა ამ წიგნისა გაჟღენთილია ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით, კეთილშობილებითა და სამშობლოს სიყვარულით. „დედა ენა“ ყოველი ქართველის გულის ძგერაა და ამიტომაც უთანამგზავრებს იგი ყოველთვის თითოეულ პატარა ქართველს.

ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:

„იაკობ გოგებაშვილის თხზულებანი“, ტ. V - ქართულის დედა ენის შესახებ;
„იაკობის სამრეკვლო“ - დედაენა (დემნა შენგელაია)