ტერმინ „საქართველოს“ შესახებ

ერთიანი ქართველი ხალხის, ერთიანი ქართული თვითშეგნების, ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პროცესს ხანგრძლივი ისტორიული წარსული აქვს.

პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, უკავშირდება ქართლის მეფე ფარნავაზის მოღვაწეობას (ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის დასასრული და III საუკუნის დამდეგი). ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, ფარნავაზის სამეფო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, სამხრეთ საქართველოდან: სამცხე-ჯავახეთი, კოლა, არტაანი, კლარჯეთი, დასავლეთ საქართველოდან აჭარა-ეგრისის მმართველი ერისთავის ქუჯის სამფლობელოები.

ქვეყნის ერთიანობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობა. ასე რომ,  ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი გაერთიანება უკვე ანტიკურ ხანაში დაიწყო და ადრეულ შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა.

VI-VII საუკუნეებში ქართული ქვეყნების დაშლის პროცესი გაღრმავდა. ამის მიზეზი მრავალი იყო: ცალკეული ფეოდალების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ბიზანტიის, ირანისა და არაბების ბრძოლა საქართველოს დასაპყრობად და სხვ.

523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. თანდათან ქართლის ერისთავებმა საერისთავო მიწები თავიანთ სამფლობელოებად აქციეს, რომელთაც მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლებს. ასე გახდნენ ერისთავები „მთავრები“. ქართლის ერისმთავარი მეფის ნაცვალი იყო. მემატიანე მას მეფეს უწოდებს. VIII საუკუნის მიწურულს არაბებმა ქართლის ერისმთავარის ხელისუფლება ძლიერ შეზღუდეს. ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის მიყოლებით წარმოიქმნენ სამთავროები: კახეთის, ჰერეთის, ეგრის-აფხაზეთის, ტაო-კლარჯეთის, რომლებიც შემდეგ სამეფოებად იქცნენ.

IX საუკუნიდან არაბთა სახალიფომ დაშლა იწყო და უკვე X საუკუნიდან საქართველოს გაერთიანებისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა. ქართველი ხალხის ეროვნული ერთიანობის თვითშეგნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან ერთნაირად ქართველი იყო ქართი, კახი, ჰერი, ეგრი, სვანი, აფხაზი... და მათ აღსანიშნავად ქართულ საერო და სასულიერო მწერლობაში იხმარება ტერმინი „ნათესავით ქართველი“.

აღსანიშნავია, რომ „ნათესავით ქართველი“ საკუთრივ ქართლის ტერიტორიას არ გულისხმობს, არამედ ამიერკავკასიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილს, სადაც ტრადიციულად ქართველური ტომები ცხოვრობდნენ. ასე მაგალითად, VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს ჯარების შემოსევის დროს დასავლეთ საქართველოში გადასულმა მურვანმა შეიპყრო არგვეთის მთავრები - დავითი და კონსტანტინე (მხეიძეები) - და წამებით დახოცა. საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ არგვეთის „ეგრისელი“ მთავრები; „ნათესავით ქართველნი“ იყვნენ: „იყვნეს წმიდანი ესე მოწამენი დავით და კონსტანტინე ქართველნი სანახებისაგან არგვეთისა“.

IX საუკუნის საეკლესიო მოღვაწის წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაში ხაზგასმულია: „ილარიონ იყო ნათესავით ქართველი, ქუეყანით კახეთით“.

გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „ცხორებაჲ იოანესი და ეფთვიმესი“, წარმოშობით მესხი იოანე მთაწმინდელის შესახებ ნათქვამია, რომ „იოანე იყო ნათესავით ქართველი“.

შემთხვევითი არ არის, რომ სრულიად საქართველოსა და მისი მოსახლეობის აღსანიშნავად ტემინ „ქართველის“ გაჩენა სწორედ X საუკუნეში ხდება. ამ დროს ქართველში მოიაზრება ყველა, ვინც მართლმადიდებელ (ორთოდოქსალურ) ქრისტიანობას მისდევს და ქართულ ენაზე ლოცულობს. X საუკუნის ქართველი მწერალი გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ამბობს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“, ე.ი. ქართლია - „საქართველოა“ ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება.

საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა თავიდან ცალკეულ სამეფო-სამთავროებში მიმდინარეობდა, შემდეგ კი საერთო სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. დადგა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის საკითხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა X საუკუნის 70-იან წლებში, როცა ქართლის ერისთავის იოანე მარუშიძის წინადადებით გამეფდა ბაგრატ მესამე (975-1014 წწ.), რომელიც ერთდროულად რამოდენიმე სამეფოს მემკვიდრე იყო. ბაგრატის გამეფებით ქართული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ერთ სამეფოდ - „საქართველოდ“ გაერთიანდა. საბოლოოდ ეს პროცესი XII საუკუნის დამდეგს, მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დროს დასრულდა.

ასე რომ, უკვე X-XI საუკუნიდან მოყოლებული საისტორიო მწელობაში ქვეყნის ძირითად ტერმინად „საქართველო“ გვხვდება. საქართველოს გაერთიანება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება. იგი ერთიან ეროვნულ თვითშეგნებას ემყარებოდა. მრავალი საუკუნის მანძილზე ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა ამ ეროვნული თვითშეგნების ამოძირკვა.

ტექსტი მომზადებულია
ალ. მარუაშვილის სტატიის მიხედვით
„ტერმინ „საქართველოს“ შესახებ“
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003