სოკრატ სალუქვაძე

წამალთმცოდნე

ვარძია - წამლის სასახლე

მედიცინის ისტორია წამალთმცოდნეობით იწყება. წამალთმცოდნეობა საქართველოში ოდითგანვეა ცნობილი. გავიხსენოთ, რომ კოლხეთში მეფე აიეტის დროს სამკურნალო მცენარეთა ბაღები იყო გაშენებული. მცენარეთა საიდუმლო თვისებებს იცნობდა აიეტის მეუღლე ჰეკატე, ქალიშვილი მედეა და და კირკე.

წამლების შენახვას ადგილი, ანუ აფთიაქი, იგივე წამლის სახლი, და ჭურჭელი სჭირდებოდა. ჩვენი ერის ძნელბედობის გამო მათი არსებობის შესახებ ბევრი ცნობა არაა შემორჩენილი, მაგრამ რაც შემორჩა, იმის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში აფთიაქს დიდი ხნის ისტორია აქვს.

როგორც ვიცით, უნიკალური ციხე-ქალაქის ვარძიის მშენებლობა 1156 წელს დაიწყო გიორგი მესამემ და 1204 წელს დაამთავრა მისმა ასულმა თამარმა. ამ კომპლექსში ყურადღებას იქცევს მე-6 სართულზე მდებარე აფთიაქი. აფთიაქის პირობითი ნომერია 70. მას ესაზღვრება №69 და 68 ოთახები, რომლებიც დამხმარე სათავსები უნდა ყოფილიყო. №70 ოთახის სიგრძე 4,5 მეტრია, სიგანე 4,30 მეტრი, სიმაღლე 2,10 მ. მთლიანი ფართობი 19,35 კვ/მ, ხოლო სამივე ოთახის სავარაუდო ფართობი 60 კვ/მ.

ვარძიის წამლის სასახლეში აღმოსავლეთ კედელზე დამზადებული წამლების შესანახად გამოკვეთილია 91 თახჩა*, ჩრდილოეთზე - 67, დასავლეთზე - 44, სამხრეთზე - 19, სულ 221 თახჩაა (ამას ემატება ჩამონგრეულ კედელზე სავარაუდო 26-27 თახჩა). გარდა ამისა, იატაკში ამოთხრილია 14 ორმო, რომელთაგან თითოეულის სიგანე 25-35 სმ-ია, ხოლო სიღრმე -25 სმ. აღმოსავლეთის კედელთან არის 3 მ სიგრძის, 30-35 სმ სიღრმის და 32 სმ სიგანის ორმო, რომელშიც შესაძლებელია მცენარეულ ნაყოფს წნეხდნენ ან აწვრილმანებდნენ. ალბათ საწნახელის როლს ასრულებდა, ან მასში კერამიკულ ქვევრებში მოთავსებულ ნარევებს ინახავდნენ.

სამხრეთ კედელზე არის 1,12 მ სიგრძის თახჩა, რომლის სიმაღლეა 23, ხოლო სიღრმე 22 სმ. შესაძლოა აქ მოტეხილობისათვის საჭირო არტაშანებს* ინახავდნენ. ამოთხრილ ორმოებში თავსდებოდა 20-30 კგ ტევადობის კერამიკის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელშიც წამლის მოსამზადებელი კომპონენტები ან ნაზავები ინახებოდა.

თახჩებზე მოთავსებული ჭურჭელი კერამიკულიც იყო, ფაიფურისაც და მინისაც.

საინტერესოა ამ დროის სააფთიაქო ჭურჭლის სახელწოდებანი: ჯამი, ჭიქის ჭურჭელი, კოჭობი - თიხის ქოთანი, საწური, ქვის ქოთანი, თანგირა (სპილენძის ქვაბი), როდინი და სხვ. არსებობდა წამლის ფორმებიც ნაირსახეობაც: აბი, ფხვნილები, სალბუნი (მალამო), ყურსი (ტაბლეტი), მაჯუმი (სხვადასხვა სახის ნარევი რთული წამლის ფორმა), თრიაყი (ანტიდოტი* მოწამვლის დროს), მათბუხი (გამზადებული ნახარში) და ა.შ.


უფლისციხე

განა ვარძიის წამლის სასახლე იყო პირველი აფთიაქი საქართველოში? უფლისციხეში №48 და №86 ოთახებში ვარძიის თახჩების მსგავსი 28-მდე თარო შეიმჩნევა, რაც აქ წამლის სახლის - აფთიაქის არსებობაზე მეტყველებს. სად და როდის გაიხსნა ჩვენში პირველი აფთიაქი, დღეს ძნელი სათქმელია, ზუსტი თარიღის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ცნობილია, რომ XII საუკუნეში მეფე როჯერმა იტალიაში, ქ. ნეაპოლში მოაწყო რამდენიმე აფთიაქი.

ტალინის რატუშების მაგისტრატის აფთიაქი დაარსებულა 1422 წელს, ლვოვის ნატორპის აფთიაქი 1735 წელსაა დაარსებული, ხოლო ვარძიის აფთიაქი სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე, უფლისციხისა - კიდევ უფრო ადრე.

ვარძიის ციხე-ქალაქის კომპლექსის გარდა, უდავოდ სხვაგანაც არსებობდა აფთიაქი. ზედა ვარძიის გამოქვაბულშიც, რომელიც მტკვრის ხეობაში, ერუშეთის მთებშია და ვარძიის ძირითადი კომპლექსისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული, არის ვარძიის წამლის სასახლის მსგავსი სამოთახიანი წამლის სახლი, სადაც 30-მდე თახჩაა შემორჩენილი. იგი აშენებულია 1042-1058 წლებში ლიპარიტ II ბაღვაშის დროს.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა „აფთიაქი“ იხსენიება XI საუკუნის ათონის ივერთა მონასტრის წერილობით წყაროში. გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „ცხოვრებაი იოვანესი და ექვთიმესი“ ვკითხულობთ: „აპოთიკი და ბოსტანი და წისქვილნი კელარისა საურავნი იყვნეს“. ეს „აპოთიკი“ იგივეა, რაც ლათინური სიტყვა „Apotheka“ - „აფთიაქი“, - წერს პროფესორი გიორგი შენგელია.

 

*თახჩა - [არაბ.-სპ.] კედელში დატანებული სათავსი, ჩვეულებრივ უკარო, ჭურჭლისა და სურსათისათვის.
*
არტაშანი
- ნაღრძობის ან მოტეხილობის შესაკვრელი.
*ანტიდოტი - შხამსაწინააღმდეგო საშუალება.

გამოყენებული წყარო:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№59, 2002