ელენე მაჭავარიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი


ანჩის სახარება, XII-XIII სს მიჯნა

ხელით გადაწერილი ძველი ქართული წიგნები

ქართული ხელნაწერი წიგნები ჩვენი ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელით გადაწერილმა წიგნმა შემოგვინახა კულტურა, მეცნიერთა ნააზრევი, კერძოდ, ისტორია, გეოგრაფია, ასტრონომია, საერო და სასულიერო ლიტერატურის ძეგლები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ მოხატული ხელნაწერები. რაც უფრო მდიდარი იყო დამკვეთი, მით უფრო მდიდრულად იყო შემკული ხელნაწერი.

ხელით გადაწერილი წიგნები ჩვენ V საუკუნიდან შემოგვრჩა. დღევანდელი პოლიგრაფიული* ტექნიკის პირობებში, როცა ათასობით წიგნი იბეჭდება, ხელით გადაწერილი ყოველი წიგნი უნიკალური ეგზემპლარია*.

იწერებოდა ჭილზე, ტყავზე, ქაღალდზე. ჭილი (პაპირუსი) ეგვიპტეში მზადდებოდა და იგი მეტად ძვირად ფასობდა; IV საუკუნიდან საწერ მასალად ეტრატს ანუ ტყავის ფურცლებს იყენებდნენ, რომელთა დამზადება, როგორც ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს, საქართველოშიც იცოდნენ. ქაღალდი X საუკუნიდან იხმარება. იგი ნახევარფაბრიკატის სახით შემოდიოდა. აქ ხდებოდა მისი გაწებვა და გახამება.

ძველი ხელნაწერი წიგნები ასომთავრულით იწერებოდა (ასოები ხელის რამდენჯერმე აღებით სრულდებოდა). წიგნების გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა დროისა და მასალის ეკონომიამ ნუსხურ დამწერლობაში მთავრული ასოები მარჯვნივ გადახრილი მოხაზულობით შეცვალა. მხედრულმა დამწერლობამ კიდევ მეტად გაამარტივა წერის პროცესი ერთიანი კონტურის მქონე მონახაზის მეშვეობით.

ხელნაწერს ხშირად ახლავს გადამწერის ანდერძი, სადაც აღნიშნულია გადაწერის ადგილი, თარიღი, მითითებულია დამკვეთის ვინაობა. რაც შეეხება მომხატველებს, ისინი თავიანთ სახელს იშვიათად და ისიც შეფარვით, მაგალითად, ორნამენტულ ხვეულებში აქსოვდნენ.

მოხატული ხელნაწერებიდან ძირითადად შემოგვრჩა ოთხთავის - მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები. მოხატულია ასევე წმინდანთა ცხოვრებანი, სასულიერო თუ ლიტერატურული ძეგლები. ხელნაწერები შემკულია ორნამენტებით და დასურათებულია მინიატურებით. მხატვრული თვალსაზრისით გამოიყოფა მხატვრული სკოლები, რომლებიც სამწერლობო კერებთან არსებობდნენ. ხელნაწერები იწერებოდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ, ათონზე, სავ მთაზე, კონსტანტინეპოლში. ქართველ ოსტატთა ნახელავი შესრულების მაღალი ტექნიკით არ ჩამოუვარდებოდა მოწინავე ქვეყნების წიგნის ხელოვნებას.

 

*პოლიგრაფია - ტექნიკურ საშუალებათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ტექსტისა და გამოსახულებების მრავალჯერადი ბეჭდვა.
*ეგზემპლარი - ერთგვაროვანი საგნების (მაგ., წიგნების, ჟურნალების) ცალკეული ნიმუში.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№74, 2004