წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული

(1289)

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული წმიდა მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. ჯერ კიდევ ჩვილს მონღოლებმა დედა - გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია - უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია. ათი წლისას მოუკვდა მამა - დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, გამოაყოლა სადუნი, რომელსაც დემეტრე მეფემ ათაბაგობა უბოძა. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო. თბილისში ჩამობრძანებული დემეტრე კათოლიკოსმა მეფედ აკურთხა. სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. იგი ღამ-ღამობით დაივლიდა ხოლმე ქალაქში და გლახაკებს, დავრდომილებსა და ობლებს საკუთარი ხელით ურიგებდა მოწყალებას. 15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული. შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს - ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად. სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც. ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი - არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში. დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ - სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა - გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვთა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათვის“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი - გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თჳსად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.

ღვთისმშობლის გამოცხადებით, მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი, ექვთიმე III კათოლიკოსის ბიძა,  ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის.

მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზომა მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოკვდები მძლავრთა მიერ, შენი შვილები გაიფანტებიან, შენს სამეფოს სხვა დაიპყრობს და იავარჰყოფს შენს სიმდიდრეს“.

გაკვირვებულმა მეფემ პასუხი არ გასცა ღვთივგანბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრეც. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა მიბოძა მეფობა და დღემდე მშვიდად განვაგებდი ჩემს სამეფოს, მაგრამ ახლა ყაენი განრისხებულია და თავისთან მიბარებს. ვფიქრობ, ჩემი მოკვლა სურს. თუ მე თავს მთიულეთს შევაფარებ, სიცოცხლეს გადავირჩენ, ქვეყანას კი გავწირავ, რადგან ყაენი მთელს ჩემს სამეფოს ააოხრებს. ეკლესია-მონასტრებს დააქცევს, მრავალ ადამიანს დახოცავს. ამიტომ გადავწყვიტე, ვეახლო ყაენს, იყოს ნება ღვთისა, მე თუ მოვკვდები, ქვეყანა ხომ გადარჩება“.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფე მტკიცე უარზე იდგა.

მაშინ აბრაჰამ კათოლიკოსმა აღუთქვა, რომ მთელი სასულიერო დასი უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე, იტვირთავდნენ მის ცოდვებს და დაამოწმებდნენ მის მოწამეობას. ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა ურდოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, დემეტრე რომ მოეკლა, სხვა მეფობის ღირსი არავინ იყო, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე ბუღას მეგობარი იყო. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, და ყაენს უთხრა: ნუ დარდობ, მე მოგგვრი აფხაზთა მეფის ვაჟს ვახტანგს და მას უბოძეო მეფობა. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებამ მეფე ძლიერ გაახარა, მაგრამ გაქცევაზე უარი უთხრა: რომ გავიქცე, ჩემი უდანაშაულო ერისშვილებს გაწყვეტენ, მე კი მზად ვარ, ქვეყნისათვის თავი გავწიროო.

მონღოლებმა დემეტრე სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა. მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დემეტრე თავდადებულს იხსენიებს 25 მარტს (ახალი სტილით).