წმინდა მენელსაცხებლე დედა სალომე

ხსენება აღდგომიდან მესამე კვირას

წმინდა სალომე მენელსაცხებლე დედათა შორის მოიხსენიება. იგი წარმოშობით გალილეადან იყო. სალომე არის მეუღლე ზებედესი, დედა იოანე და იაკობ მოციქულებისა. სხვა დედაკაცებთან ერთად სალომეც დაჰყვებოდა და ემსახურებოდა უფალსა და მის მოწაფეებს. დედური სიყვარულით აღძრულმა, ქრისტეს სთხოვა, რომ მისი ძენი განედიდებინა და ერთი თავის მარჯვნივ დაესვა ცათა სასუფეველში, მეორე – მარცხნივ. ცნობილია ასევე, რომ სალომე ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმასა და საფლავად დადებას, მესამე დღეს კი ახლდა სხვა მენელსაცხებლე დედებს, რათა ნელსაცხებელი ეცხო თავისი უფლის სხეულისთვის.

ქრისტიანთა დევნამ დიდი ტკივილი მოუტანა მას. იროდის ბრძანებით სალომეს უფროს ვაჟს – იაკობ მოციქულს თავი მოჰკვეთეს. თვითონ წმინდა სალომე მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ.

 

წმინდა მენელსაცხებლე დედათა
ტროპარი

მენელსაცხებლე დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ჴმა-ვჰყოთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენი მიაგებე და გოდებაჲ პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ჴმობდეს: მჴსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.

 

წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIIIს.)

ხსენება 20 ივლისი (2 აგვისტო)

სავარაუდოდ, წმინდა სალომე ქართველი იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივლისს ასევე ეწამა სალომე ქართველი, რომელიც თავიდან ცდუნდა სპარსთაგან და უარყო ქრისტე, მაგრამ შემდგომ შეინანა, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეწამა კიდეც ქრისტესთვის. მას თავი მოკვეთეს, რის შემდეგაც მისი სხეული დაწვეს.

 

წმინდა სალომე ქართველის
ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო სალომე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

წმიდა სალომე უჯარმელი (IVს.)

ხსენება 15 (28) იანვარი

წმიდა სალომე უჯარმელი, პეროჟავრა სივნიელთან ერთად, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს უახლოესი თანაშემწე იყო. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყო სალომე უჯარმელიც.

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15(28) იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.