ქრისტეს აღდგომა

იესოს ჯვარცმის შემდეგ გაიარა ორმა დღემ და მოატანა მესამემ. უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგებიო“.

კვირას, დღის რიჟრაჟმა რომ მოატანა, უცებ საფლავის დარაჯებმა იგრძნეს მიწისძვრა; მერმე დაინახეს ფრთიანი სულიერი – ანგელოზი, რომელმაც გადააგორა საფლავიდან ლოდი, და ბოლოს, იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. დარაჯებს შიშით თავზარი დაეცათ და მიწაზე მკვდრებივით დაემხნენ, მერმე კი მოსულიერდნენ, გონს მოვიდნენ და გაიქცნენ.

ჯერ არ გათენებულიყო, როცა საფლავთან მოვიდა მარიამ მაგდალინელი, თაყვანისმცემელი იესოსი და მასზედ მგლოვიარე. აქ მან ნახა, რომ ლოდი საფლავიდან გადაეგორებინათ და საფლავი ცარიელი იყო, დაიჩოქა საფლავის წინ, მწარედ ატირდა და როდესაც შიგ ჩაიხედა, იხილა ორი ანგელოზი, თეთრი ტანისამოსით შემოსილი.

ანგელოზებმა ჰკითხეს მარიამს: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის ეძიებ?“

მარიამმა მიუგო: „წაუღიათ უფალი ჩემი და არ ვიცი, სად!“ – ეს რომ თქვა, უკან მიიხედა და დაინახა იქვე მდგომარე ადამიანი მშვენიერი შეხედულებისა, მეტად ნათელი სახისა, ეს იყო თვითონ იესო, აღმდგარი მკვდრეთით.

მაგრამ მარიამმა ვერ იცნო. მაშინ მარიამს ჰკითხა იესომ: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის ეძებ?“

მარიამს ეგონა, მებაღეაო, და უთხრა: „უფალო, თუ შენ აიღე იგი, მითხარ, სად დაასვენე, და მე წარმოვიღო იგი“.

მაშინ იესომ დაუძახა უწინდელი ხმით: „მარიამ!“

მარიამმა ხმაზედ იმწამსვე იცნო იესო და შესძახა: „მოძღვარო!“ მერმე გაექანა და უნდოდა, მოხვეოდა მუხლებზე, მაგრამ მაცხოვარმა უთხრა:

„ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამისა ჩემისა თანა. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა“.

მარიამ მაგდალინელმა საჩქაროდ ახარა იესოს აღდგომა მოწაფეთ და მორწმუნე ქალებს. ყველანი აივსნენ დიდი სიხარულით, გაეჩქარნენ საფლავისაკენ, ნახეს იგი ცარიელი, ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა და ადიდებდნენ ღმერთს.

შემდეგ იესო ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა თავის მოწაფეებს; არაერთხელ ჭამა მათთან ერთად პური, აჩვენა თავისი სხეულის წყლულებანი, ჯვარცმისაგან დარჩენილი, და ქმნა რამდენიმე სასწაული მათ წინაშე. ამის გამო მათაც კი სრულიად ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა, რომელთაც ეს წინათ არა სჯეროდათ.

 

/ლუკ. 24/