ახალი აღთქმის მოკლე ისტორია

ფერისცვალება

(მათე 17, 1-13; მარკოზი 9, 2-13; ლუკა 9, 28-36)

მოწაფეებს რომ არ დაეკარგათ იმის რწმენა, რომ დაინახავდნენ ქრისტეს წამებასა და სიკვდილს, იესომ აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება. ერთხელ მან წაიყვანა პეტრე, იაკობი, იოანე და მათთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე სალოცავად. დაღლილობის გამო მოციქულებს დაეძინათ, ქრისტემ კი ლოცვა დაიწყო. ლოცვის დროს მან ფერი იცვალა: მისი სახე გაბრწყინდა, როგორც მზე და ტანისამოსი გათეთრდა, როგორც თოვლი. გამოცხადდნენ მოსე და ელია და ესაუბრებოდნენ ქრისტეს მის წამებასა და სიკვდილზე, რომელიც მოელოდა იერუსალიმში.

ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა მოციქულები და მათ დაინახეს უფლის დიდება. როცა წინასწარმეტყველებმა დააპირეს ქრისტესაგან განშორება, პეტრემ უთხრა: „უფალო, კარგია ჩვენი აქ ყოფნა; თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ელიასთვის“. ამ დროს ნათელმა ღრუბელმა დაფარა მოწაფეები და მათ მოესმათ ხმა ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“. მოციქულები შეშინდნენ და მიწაზე დაეცნენ. იესო მივიდა, ხელი შეახო მათ და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“. ისინი ადგნენ და დაინახეს იესო ჩვეულებრივი სახით.