გივი ჭიჭინაძე

ანბანურა

ოჩოფეხა, აყლაყუდა,
ზურგზე ადევს ქონის გუდა.

კედელში ერთი ფუღურო,
შიგ ცეცხლი დავაღუღუნო.

ეს ფრინველი თავის სახელს
ხიდან თვითონ გადმოგძახებს.

ორმუცელა, ტანდაბალი,
მთლად აიკლო მთა და ბარი.

ჭერში მსხალი მინანქრისა
წყარო გახლავთ სინათლისა.

სურნელს აკმევს მწვანე ტოტზე
დედოფალი ასფურცელა.
ასი კბილბასრი ნაგაზი
მოსხდომია ირგვლივ მცველად.


ბუძგა, ბუძგა ნემსეკალა,
ახლო ვერვინ მიეკარა.

მიწისქვეშეთის მკვიდრი ვარ,
გვირაბებს ვთხრი და მივდივარ.

პირზე ხორთუმი,
კუდზე მარაო,
გაფხორილია წარამარაო.

დახტის ალთა-ბალთას,
მუცელზე აქვს ჩანთა.

მეციხოვნე ერთი ციდა,
თავის მხრებით კოშკსა ზიდავს.

სამუშაოს როცა ვიწყებ,
მაშინ ავკრიჭინდები.
სუყველაზე უფრო მეტად
თერძს და დალაქს ვჭირდები.


საახალწლოდ მოვბრძანდები,
არ გეგონოთ აქაური.
დამამშვენეს პატარებმა
უამრავი სამკაულით.

 საბრძოლველად შემართული
ბადეში ზის მებადური.

ალათა, ბალათა,
წითლად შემომანათა.
ამოვავსე კალათა,
დავამზადე სალათა.

 შვენის ციცქნა რქები და სამოსი ჭრელი,
ფეხები აქვს მოკლე, კისერი კი – გრძელი.

დამაბეჩავეს ქალებმა,
წუხილი ვერვის გავანდე.
თუ ვშრომობ, ქვით ვარ ნაცემი,
არადა, გულზე ქვა მადევს.
 

 ძლიერ მიყვარს ბავშვები
სისუფთავით ნაქები,
ყოველ დილა-საღამოს
თეთრად გავიქაფები.

გულზე კვერცხი დამახალე,
შეგიწვი და გაგახარე.
 

 ერთ ვეება დევკაცას
ჩხუბი უყვარს თავურით.
სამჭედლოდან დღედაღამ
ისმის მისი ხმაური.


ორი ტყუპივით ნავი მაქვს,
ღამემდის თავს ვერ ვანებებ.
წყალში მათ როგორ ვენდობი,
ხმელეთზე დამატარებენ.

 ეს ცალფეხა მეგობარი აბა, გამოიცან.
სიცხეა თუ ავდარია,
თავს მადგას და მიცავს.


სასეირნოდ ღამით დავფრენ, დღით გამოსვლა არ მჩვევია. თავზე ქოლგა დამიხურავს, თავი გარეთ დამრჩენია.

ვალამაზებ მთა-ბარს
ალისფერი ფარჩით.
დამიქროლა ქარმა,
თავშიშველა დავრჩი.

თეთრი ჭარხლის თეთრი შვილი
ჩაის გვასმევს ყოველ დილით.

კნატაკნუტა თხილის გულს
კრაჭაკრუჭა ქურქი მოსავს.
ვის მივართვათ? – კბილიანსა,
რაში უნდა უკბილოსა.

მგზავრი მოდის თოვლისფერი,
წინ გზა უდევს ყორნისფერი.

ლიტრიანზე ყურით შევსვი
ბიჭი მუცელგანიერი.
რაც მივეცი, ლიტრს დაუთმო
თვითინ დარჩა ცარიელი.

მდინარეზე სახლი ვნახე,
მოხმაურე, მორახრახე.

ვმღერი, ვმღერი დღედაღამ,
არ ვისვენებ სრულებით.
ფრთებქვეშა მაქვს ფეხები,
ფეხებზე კი – ყურები.


ხის მტერი ვარ,
ტანი ხის მაქვს,
ყბა და კბილი – რკინის.
როცა ვშრომობ, მაშინ მიყვარს
სიმღერა და ლხინი.

არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით,
ყველას დაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი.


ერთი ბადე, თეთრი ბადე
თევზებს როდი იჭერს,
ხის ჩეროში აქანავებს
გოგონებს და ბიჭებს.