ალექსანდრე საჩინოელი

გამოცანები

მიდი-მოდის ერთი რამე,
იქვე კი დგას დღე და ღამე.

მას წიგნები აბარია,
უხმარი თუ ნახმარია.

ზოგი ქვისა, ზოგი ხისა,
ნაწილია სახლის ისა, -
ასასვლელი, ჩასასვლელი,
სტუმრისა და მასპინძლისა.

ერთი რამე რკინისა,
დარაჯია ბინისა.

გული იწვის, ტანი დნება,
ცრემლები სდის ნება-ნება.

მოყვითალოა, გემო აქვს ტკბილი,
ისე იჭმება, არ უნდა კბილი.

სწორი და უტყუარია,
თუ განგებ არვინ არია.

არც ფრთები აქვს, არც ფეხები,
მას ვერც ხელით შეეხები,
მიფრენს, მიჰქრის, არ ჩერდება,
არც კვდება და არც ბერდება.

არის ცეცხლის მსროლელი,
ერიდება ყოველი.

სულიერს ბადებს, არა აქვს სული,
თეთრი კანი აქვს და ოქროს გული.

იარაღია ძველი,
წვერმახვილი და გრძელი.

ზამთარში - მოკლე,
ზაფხულში - გრძელი,
გამოსაცნობად
არ არის ძნელი.

არის რამე ტანსაცმელი,
ბრძოლის ველზე ჩასაცმელი,
ვერას აკლებს ტყვია ცხელი
და ვერც ხმალი ბასრი, მჭრელი.

ვისაც თავში აქვს - კაცად ვარგია,
ვისაც თვალში აქვს - ქვეყნის ბარგია.

ცეცხლში ნამყოფი, მტკიცე, მაგარი,
საშენ მასალად არის სახმარი.

მაღლა ამომავალია,
ხან ბურთი, ხან ნამგალია.